საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი რამდენიმე ცვლილება პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტის მიზნებს სრულად არ შეესაბამება და გადახედვას საჭიროებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროფესიული ნიშნით წარდგენილი ცესკოს წევრობის კანდიდატების ასარჩევად საპარლამენტო კენჭისყრებს შორის ვადების შემცირება პარტიებს შორის კონსენსუსის აუცილებლობას გამორიცხავს და მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს, მისთვის სასურველი კანდიდატი მარტივად აირჩიოს.
"იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, ყოველ კენჭისყრას შორის სავალდებულო მინიმალური ვადა 4 კვირიდან 1 კვირამდე ერთჯერად, მხოლოდ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისთვის შემცირდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევის სივრცეს და საპარლამეტო უმრავლესობას, ფაქტობრივად, საშუალებას აძლევს ოპოზიციის თანხმობის გარეშე, მარტივად აირჩიოს მისთვის მისაღები კანდიდატი", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების მიერ წევრების დანიშვნის წესი ევროპელი სოციალისტების სასარგებლოდ და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის საზიანოდ არის შეცვლილი.
"პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, თითოეულ საარჩევნო კომისიაში 17 წევრიდან 9 წევრი პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დანიშნონ. ამასთანავე, ერთ პარტიას მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება უნდა ჰქონდეს. ეს ჩანაწერი იმიტომ გაკეთდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, შესაბამისად, თითო სუბიექტს თითო წევრი უნდა დაენიშნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებული ცვლილებებით, ეს წესი არის გათვალისწინებული, თუმცა მასში შევიდა ერთი დაზუსტება, რომელიც პირდაპირ მოერგო "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით პარლამენტში შესული წევრების მიერ შექმნილ ახალ პარტიას - "ევროპელ სოციალისტებს". ამ დაზუსტების მიხედვით, პარტია კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას, თუ მის მიერ გაყვანილი ყველა პარლამენტარი დატოვებს ამ პარტიას და სხვა პარტიაში გაწევრიანდება. ასეთ შემთხვევაში, ამ ახალ პარტიას გადაეცემა კომისიის წევრების დანიშვნის უფლება.
აღნიშნული ჩანაწერით, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დაკარგავს ამ უფლებას, რომელიც "ევროპელ სოციალისტებს" გადაეცემა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ორგანიზაციის განცხადებით, ცესკოს მოადგილეების რაოდენობის გაზრდა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილის მნიშვნელობას გარკვეულწილად ამცირებს.
"იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება - ერთ-ერთი მათგანი ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული წევრი იქნება, მეორე კი - პროფესიული ნიშნით არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველ რიგში ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრი შეასრულებს, მეორე მოადგილის არსებობა გარკვეულწილად ასუსტებს იმ მექანიზმს, რაც პოლიტიკურ შეთანხმებაში არის ჩადებული. ვინაიდან ცესკოში პროფესიული ნიშნით უკვე არჩეულ წევრებს, მათ შორის ამჟამინდელ მოადგილეს, უფლებამოსილება არ უწყდებათ და მათი მიუკერძოებლობის კუთხით წინა არჩევნებზე გარკვეული კითხვები არსებობდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ცვლილება ცესკოში მმართველი პარტიის პოზიციების გამყარებას ემსახურება", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, კიდევ ერთხელ გადახედონ ცვლილებებს და ისინი პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებას მაქსიმალურად შეუსაბამონ.
22 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს.
რა იცვლება და როგორ საარჩევნო კანონმდებლობაში - სრულად წაიკითხეთ აქ.